ეს ლინდაა, გოგონა, რომელიც ოცნებობს რომ ცნობილი მხატვარი იყოს. მას ძალიან უნდა ხშირად დადიოდეს თეატრში, სადაც მისთვის გასაგებ ენაზე დაიდგმება სპექტაკლები, რადგან სმენის არმქონე ბავშვებისთვის დღესდღეობით ჩვენი გარემო თითქმის არ არის ადაპტირებული. ლინდას თავისი მშობლების დატოვება და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა მოუწია, რადგან სმენის არმქონეთათვის სპეციალიზირებული სასწავლებელი საქართველოს მხოლოდ ორ ქალაქშია - თბილისსა და ქუთაისში.
უცხო ქალაქი, უცხო გარემო.. და შენ მარტო ხარ ამხელა სტრესისა და მონატრების პირისპირ. რა მოხდებოდა სმენადაქვეითებული ადამიანები ასე გარიყულად რომ არ გრძნობდნენ თავს ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ?
ლინდას მშობლები, მზეო იაკობიძე და გელა ფარტენაძე აქტიურად თანამშრომლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, კერძოდ, ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის და “სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა ორგანიზაციასთან.”
ლინდა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აქტიურად ერთვება შემოქმედებით ღონისძიებებში და ხვეწს ჟესტურ ენას. მას უკვე ჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც სოციალიზაცია აღარ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მთავარ გამოწვევად ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმები მაინც რჩება. სამწუხაროდ ენა, რომელზეც სმენის არმქონეები საუბრობენ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ასევე სურდო თარჯიმნობა არ არის პოპულარული სპეციალობა, რაც განაპირობებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სმენის არმქონეთა თემის პასიურ ჩართულობას.
ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაინახოს ეს ადამიანები, იზრუნოს მათზე ისე, როგორც ეს საერთაშორისო კონვენციებითა და ადგილობრივი კანონმდებლობით არის აღიარებული. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები განათლების მიღებისა და დასაქმების კუთხით. სამწუხაროდ საპენსიო კომპენსაცია არ კმარა სრულყოფილი ცხოვრებისთვის და უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოსაჩენად აუცილებელია შეიქმნას ადაპტირებული გარემო, სადაც ჟესტური ენის წყალობით ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია თუ სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.