თბილისი. არის თუ არა სპორტი დაკავშირებული პოლიტიკასთან? უნდა გავმიჯნოთ თუ არა სპორტი და პოლიტიკა? რა კავშირები არსებობს სპორტსა და პოლიტიკას შორის? - ეს არის საკითხები, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეხება თავის პუბლიკაციაში - „რუსული სპორტი და პოლიტიკა“.
„თანამედროვე ისევე, როგორც საბჭოთა რუსეთის ისტორიაში სპორტი და პოლიტიკა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. თუკი საბჭოთა კავშირი სპორტს იყენებდა დასავლეთზე უპირატესობის დასამტკიცებლად და საბჭოთა რეჟიმის რეპუტაციის საერთაშორისო დონეზე გასაუმჯობესებლად, თანამედროვე პუტინის რეჟიმი სპორტს რამდენიმე მიზნით იყენებს: უპირველეს ყოვლისა, სპორტული ღონისძიებებისა და შესაბამისი პროპაგანდის მეშვეობით პუტინი ახდენს საკუთარი იმიჯის ასოცირებას გამარჯვებასა და ძლევამოსილებასთან; გარდა ამისა, ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორებიცაა ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო თასი, პუტინის რეჟიმი იყენებს ერთი მხრივ საერთაშორიო დონეზე საკუთარი იმიჯის რებრენდინგისთვის, მეორე მხრივ კი რუსი ხალხის კონსოლიდაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანაში სერიოზული სოციო-ეკონომიკური პრობლემებია; ამასთანავე, სპორტულ სფეროში აქტიურად არიან ჩართული მსხვილი ბიზნესმენები პუტინის გარემოცვიდან, რომლებიც აკონტროლებენ სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების უმრავლესობას და მათ იყენებენ სხვადასხვა სახის კორუფციული სქემების ასამუშავებლად. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ისევე, როგორც საბჭოთა რუსეთში სპორტის გამიჯვნა პოლიტიკისგან ფაქტობრივად შეუძლებელია. დღემდე რუსეთი რჩება სახელმწიფოდ, სადაც ბიზნესი, კრიმინალი, სპორტი და პოლიტიკა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი