Csogeorgia.org-ის მონაცემებით, საქართველოში 1289 აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. მათი საქმიანობა ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას მოიცავს - ადამიანის უფლებებს, სამართალს, ჯანდაცვას, სოციალურ სფეროს, ახალგაზრდობისა და ბავშვების თემატიკას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას, სპორტს, ტურიზმს, ახალ ტექნოლოგიებს, მედიას, თვითმმართველობისა და თემის განვითარებას, გენდერს, ეკონომიკას, ბიზნესის გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობას, კონფლიქტების მოგვარებას, დევნილებისა და ლტოლვილების, მიგრაციის საკითხებს, ეკოლოგიას, ცხოველთა უფლებებს, არჩევნებს, ანტიკორუფციულ და მონიტორინგის სეგმენტს, პროფესიულ კავშირებს, დემოკრატიის ხელშეწყობასა და სხვა.
ეს 1289 ორგანიზაცია, წლის განმავლობაში, მუშაობს უამრავ პროექტზე, რომლითაც ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. ამ წერილის მიზანია მოგითხროთ, როგორ და რას საქმიანობდნენ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გასულ, 2020 წელს. რამდენიმე გვერდი მათ ყველა აქტივობას, ბუნებრივია, ვერ დაიტევს. ჩვენ ვეცდებით მათგან ყველაზე საინტერესო თემები გამოვყოთ, დაგანახოთ ის საქმეებიც, რომელიც, პოლიტიკური სკანდალებით გაჯერებული საინფორმაციო საშუალებების ობიექტივში, ხშირად, ვერ ხვდება და საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ცნობილი.
მაკა ჯაიანი
COVID 19 და საპარლამეტო არჩევნები, უდაოდ, ის თემებია, გასულ წელს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იყო. შესაბამისად, ერთიც და მეორეც სსო-ების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა. როგორ შევამციროთ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი, პანდემია და სტრესის მართვის სტრატეგიები, ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID 19, კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე, COVID 19-თან დაკავშირებული გამოწვევები შრომით ურთიერთობებში, კორონა ვირუსი, ეკონომიკური კრიზისი და ადამიანის უფლებები - ამ და ბევრ სხვა საკითხზე სსო-ებმა არაერთი საინფორმაციო კამპანია და სწავლება გამართეს, შექმნეს და განახორციელეს პროექტები, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ ახალ რეალობას შეესაბამებოდა.
8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის სსო-ებმა გახსნეს ონლაინ აგრო სკოლა, სადაც მიწის დამუშავებასა და მცენარეების მოვლას ასწავლიდნენ; საზოგადოების დახმარებითა და ადგილობრივი ბიზნესის მონაწილეობით, სასურსათო კალათებით, მარტო სიღნაღის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, 150 მარტოხელა ხანდაზმული მოამარაგეს; საჭირო უნარ-ჩვევები შეასწავლეს მოხალისეობის მსურველებს და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარების საქმეში ჩართეს; უფასო ონლაინ კურსების საშუალებით, ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს, შექმნეს ვიდეო ტუტორიალები ისეთი აუცილებელის საკითხების ირგვლივ, როგორიცაა სამოტივაციო წერილის წერა, გასაუბრებისთვის თუ საჯარო გამოსვლისთვის მომზადება, ბლოგის შექმნა და სხვა. მათ, ვისაც შესაბანისი ტექნიკა არ ჰქონდა, შეუძინეს და გადასცეს პლანშეტები... უფრო მეტი და შედარებით სრულად იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ სსო-ები პანდემიის დროს მოსახლეობისთვის ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ამ პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახადეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, რომელებიც საქართველოს საჭიროებებს, ამჯერადაც, გულისხმიერად მოეკიდნენ. თუმცა, ფინანსური და მატერიალური დახმარების გარდა, თვალსაჩინო იყო მათი მორალური მხარდაჭერაც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადაწყვიტა, დაკეტილი სკოლების პირობებში, ჩვენს ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დახმარებოდა. ამ ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი დიპლომატები ბავშვებს ინგლისურ ენაში ამეცადინებდნენ, რისთვისაც თავიანთ საყვარელ მოთხრობებს წაუკითხავდნენ და ესაუბრებოდნენ. ყოველ სამუშო დღე, ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, საელჩოს თანამშრომელი, ალთეა ქოლი-მერფრი, პრეს-ატაშე, კრის დავენპორტი, ბურკების ოჯახი და სხვები კომპიუტერს წიგნით ხელში უსხდნენ და ქართველი პატარების განწყობასა და განათლებაზე ზრუნავდნენ.
დავუბრუნდეთ სსო-ებს. COVID 19 და არჩევნები ერთ-ერთი გახლდათ იმ თემებს შორის, რომლისკენაც ქართული საზოგადოებირვი ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული. პარტიების პროგრამების მიმოხილვა - მათი მიზნები ქვეყნის ჯანდაცვის, სოციალური, საგანმანათლებლობ, გარემოსდაცვითი, შრომითი მოწყობის მიმართულებით, მინასაარჩევნო გარემოს მონიტრინგი, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, მოსახლეობის უფლებები ხმის მიცემის პროცესში და სხვა საკითხებს სსო-ები კვლევებს, ინიციატოვებს, განცხადებებს, პრეს-კონფერენციებს უძღვნიდნენ; მუშაობდნენ უშუალოდ არჩევნების დროს, შემდგომ პერიოდში, თვალ-ყურს ადევნებდნენ ვითარებას, რომ ხალხის ნება, მისი გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებში პირუთვნელად ასახულიყო.
ხელისუფლების კონტროლი სსო-ების ერთი ნაწილის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. გასულ წელს ისინი აფასებდნენ: როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას, რამდენად ქმედითი გამოდგა საჯარო სამსახურის რეფორმა, რამდენად სწორად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, რა მდგომარეობა გვაქვს გამოხატვის, მედიის თავისუფლების, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ხომ არ ზიანდება გარემო კომერციული ინტერესების სასარგებლოდ და ა.შ. ამასთან, მუშობდნენ შრომის კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტზე, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე და სხვა, მიუთითებდნენ ხარვეზებზე, რომელიც ამ დოკუმენტებში დააფიქსირეს და მათი აღმოფხვრის გზებზე.
სსო-ების მიერ სასამართლოში მოგებულ საქმეებს შორის იყო ასეთიც - საქმე, რომლის მიხედვითაც, მაღალი თანამდებობის პირებზე ქალთა მიმართ ან ოჯახური ძალადობის გამო გაცემული ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ინფორმაციის საჯაროობის გზით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს ამკვიდრებს. ამ გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიგოს, არიან თუ არა პოლიტიკური თანამდებობის პირები ოჯახში მოძალადეები ან, ძალადობის გამო, გამოცემულა თუ არა ოდესმე მათ მიმართ შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.
სასამართლო, როგორც მესამე ხელისუფლება, ახალი მოსამართლეების შერჩევის წესი და მიმდინარეობა, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესი, შეწყალების წესი და პრაქტიკა საქართველოში, არასრულწლოვანთა დაკითხვის წესი და ამ მხრივ არსებული პრობლემები, დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის წესი - სამართლის სფეროს არაერთი სხვა მიმართულება გასულ წელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუდმივი ყურადღების ქვეშ იყო. მათი აქტიურობითა დაპ რინციპული დამოკიდებულებით, ამ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აკლდა.
სახელმწიფოებირივი მნიშვნელობის საქმეების გარდა, სსო-ების საქაღალდეებში ინახება ათასობით საქმე, რომელიც მოქალაქეების ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მათ უფასო ადვოკატირებას, მათი უფლებების დაცვას ეხება. სსო-ები იდგნენ სოციალური მუშაკების გვერდით, სამსახურიდან მათი გათავისუფლების დროს, იბრძოდნენ მაღაროებში დასაქმებული მამაკაცებისა და სამკერვალოებში დასაქმებული ქალების შრომით ექსპლუატაციის წინააღმდეგ, მუშაობდნენ მსხვერპლის სტატუსის მოსაპოვებლად ოჯახურ ძალადობას გარიდებული ქალებისთვის, არკვევდნენ და შესაბამისი ორგანოების წინაშე აყენებდნენ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა შევიწროების საკითხებს, ქვეყანაში უსახლკარობის მაჩვენებლებს, სწავლობდნენ შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას, იბრძოდნენ მის გასაუმჯობელსებლად და ა.შ.
ცალკე უნდა აღინიშნოს სამუშაო, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა პრაქტიკული განათლების თვალსაზრისით გასწიეს. იქნება ეს გზამკვლევი სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის თუ მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც სამეგრელოში, მდინარე ჯუმის ხეობაში მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში განთავსდა, სხვადასხვა პლათფორმები, რომელიც მოქალაქეებს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს თუ ცოდნის კაფეები, რომელიც ქვეყნის სხვდასხვა წერტილში ქმნის უნიკალურ სივრცეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ჩასართავად. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადამიანების უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებენ.
უფრო მეტი და უფრო ვრცლად, სსო-ების საქმიანობის შესახებ, წაიკითხეთ ჩვენს პორტალზე ან სოციალური კამპანიის, „ეს ქვეყანა შენია“, გვერდზე სოციალურ ქსელში. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოებას სამოქალაქო ღირებულებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, სამოქალაქო სექტორის ფუნქცია და როლი გააცნოს. კამპანია მიმდინარეობს პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობით ხორციელდება. ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) არიან ის ორგანიზაციები, რომელთა თანადგომით ეს კამპანია საზოგადოებასა და მისი განვითარებისთვის მომუშავე ორგანიზაციებს შორის თვალსაჩინო ხიდებს აგებს.