გახსოვთ, ქალებმა კოვიდით ინფიცირებულ ოჯახს სარეველამორეული ნაკვეთი რომ გაუთოხნეს და კარტოფილის მოსავალი შეუნარჩინეს? ეს წინა გაზაფხულზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მოხდა. ეს ნაკვეთი იმ დროისთვის საავადმყოფოში მყოფი ოჯახისთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყო.
მეზობლის დახმარება თემის წევრებს ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკმა ნაირა პაქსაძემ შესთავაზა. „ეს ამბავი თითქმის ყველა არხმა გააშუქა და ბევრ ჟურნალშიც დაიწერა“ - იხსენებს ნაირა, - „ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით, სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა იმ მდგომარეობაში? ნაკვეთი რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა მოსავალას სულ გააფუჭებდა“.
ნაირა პაქსაძე მარადისში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, აქვს სასათბურე მეურნეობა, შესაბამისად - საქმეც ბევრი აქვს, მაგრამ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც პოულობს დროს. „2019 წლიდან ჩვენი სოფლის ქალები გავწევრიანდით „ფონდ ტასოში“ და აქტიურად ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობაში. პირველ რიგში, გავიარეთ უამრავი ტრენინგი, რაც მოტივაციის ამაღლებაში, მიზნების დასახვასა და მათ შესრულებაში დაგვეხმარა. „ფონდი ტასოს“ შუამავლობით გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, სადაც თვითმართველობას ჩვენი ხმა მივაწვდინეთ, სოფლის პრობლემები გავაცანით და მათი მოგვარების პირობაც მივიღეთ“, - ყვება ნაირა.
ნაირა პაქსაძე გაეროს ქალთა ორგანზიაციის სათემო მობილიზაციის პროექტის აქტიური წევრია. ეს პროექტი ნაწილია ქვემო ქართლში გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტისა - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ნაირას აზრით, ამ პროექტმა მართლაც შეუწყო ხელი თემში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ბევრ ქალს გაუჩინა საკუთარი მცირე ბიზნესი და შემოსავალი, რამაც, ეკონომიკურად, არა მარტო ისინი, თემიც გააძლიერა.
„მე როგორც სათემო მუშაკი, ქალებს ყველანაირად ვუწყობ ხელს. ვეხმარები სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში, პროექტების დაწერასა და გაგზავნში, ვაწვდი ყველა ახალ ინფორმაციას. ყველაფერი ეს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სიამოვნებითაც ვაკეთებთ. პროექტში „სოფლის ქალები მომავლისათვის“, პირველად, ცხრა ქალი გავერთიანდით, ახლა კი ოცდაერთი ვართ. ჩვენ გვინდა, უკეთესობისაკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და, ქალების მეტი მონაწილეობით, ჩვენი თემის წინსვლას შევუწყოთ ხელი“, - ასეთია ნაირა პაქსაძის ისტორია.
ავტორი: მაკა ჯაიანი