საპარლამენტო უმრავლესობამ, 28 მაისს, გადალახა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე – 66 ხმით, წინააღმდეგი 0. აღნიშნული პროცედურის შემდგომ კი, მხარი დაუჭირა მანამდე, სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას – მომხრე 84 დეპუტატი, წინააღმდეგი 4. მმართველმა პარტიამ ეს ნაბიჯი, საზოგადოების მხრიდან კანონის მიმართ ხანგრძლივი პროტესტისა და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციისა და რჩევის გაუთვალისწინებლად გადადგა. ისევე როგორც მეგობარი ქვეყნები, საქართველოს საზოგადოებაც მიიჩნევს, რომ კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე თვეში, მმართველმა პარტიამ დაარღვია, გასულ წელს დადებული პირობა, რომ „აგენტების კანონს“ აღარ დაუბრუნდებოდა, და პარლამენტში განსახილველად „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოიტანა. რასაც საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან პროტესტი და ხანგრძლივი აქციები, ხოლო მეგობარი ქვეყნების მხრიდან ჯერ მწვავე განცხადებები მოჰყვა, ცოტა მოგვიანებით კი , კონკრეტულ ნაბიჯებზე მინიშნება. მაგალითად აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინდივიდუალური სანქციების შესახებ ისაუბრა, ხოლო ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან აქტიურად გაკეთდა განცხადებები, რომ კანონი სერიოზულად შეზღუდავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ეს საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირში ქვეყნის დიდი ხნის სწრაფვას.
ჯერ კიდევ 18 მაისს, ვეტოს დადების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ამ კანონის გაუმჯობესება და გაფორმება შეუძლებელია (...). ეს კანონი უნდა გაუქმდეს“.
21 მაისს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დასკვნა, სადაც მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ „ამჟამინდელი ფორმით კანონი უნდა გაუქმდეს“. კომისიამ დოკუმენტში აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, კონფიდენციალური, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებების მიმართულებით. ვენეციის კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ კანონი გავლენას მოახდენს „საჯარო დებატებზე. პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე“.
23 მაისს, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში, სავიზო შეზღუდვის დაწესება დააანონსა. შეზღუდვები შეეხება იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე ძალადობის ან დაშინების გზით. სახელმწიფო მდივანმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის „ზედმიწევნით გადახედვის“ დაწყების შესახებაც გააკეთა განცხადება.
კანონის მიმართ მეგობარი ქვეყნების მწვავე განცხადებებისა და დამოკიდებულების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო გადალახა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფასთან დაკავშირებით „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვერსიას ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ეს მოითხოვს მთავრობისგან ძალისხმევას.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მასში აღნიშნულია, რომ კანონის მიღება წარმოადგენს რეგრესს „ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამზე“, რომელიც ევროკომისიის მიერ დაადგინა საქართველოსთვის მას შემდეგ, რაც ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, ნახსენებია დეზინფორმაციის, პოლარიზაციის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის ნაბიჯები. ამრიგად, განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების პარალელურად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეტოს დაძლევის შემდგომ, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „(ხელისუფლებას) უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!“
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გამოიყენებენ „ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი (კანონის) მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე“. ამისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარსადგენად.
„იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს“, ამბობენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.