თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აგვსიტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სერიოზულ და მასობრივ დარღვევებს, მათ შორის, ეთნიკურ წმენდას, სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, ქონების მასობრივი განადგურების, იძულებითი გადაადგილების, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა. ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთოსეთის/ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რასაც შედეგად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზემცხოვრები მოსახლეობის უფლებების ხელყოფა ახლავს.
ბორდერიზაციის პარალელურად საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ადამიანთა უკანონო და თვითნებური დაკავებების მანკიერი პრაქტიკა დაიწყო. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება გატაცების მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. შედეგად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანებს ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება და მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა. არსებულ მდგომარეობას ამწვავებს მოსახლეობას შორის ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ სად გადის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. თუმცა, ბოლო წლებში გახშირდა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევებიც, რა დროსაც დაკავებულებიწლების განმავლობაში რჩებიან ტყვეობაში. ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკის პარალელურად ვხვდებით ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შემთხვევებსაც, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა ან/და სხეულის დაზიანებების შემთხვევები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი