თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს განცხადებას პოლიციის მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ, სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დედის დასახმარებლად მიმავალი არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა უსაფუძვლოდ შეაჩერეს, მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და ცდილობდნენ გადაეღოთ ფოტო. ბავშვმა კი შესაბამისი საფუძვლის მითითება მოითხოვა მათგან, სამართალდამცავები გაღიზიანდნენ და უკანონოდ შეეცადნენ ბავშვის მანქანაში ჩასმას. აღნიშნული უკანონო ქმედებების და მუქარის შემდეგ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიციელები მაინც აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით მოზარდის მანქანაში გადაყვანას. ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვმა მხოლოდ მოქალაქეების დახმარებით დააღწია თავი პოლიციას და საქმეს ათეულობით მოწმე ჰყავს, ერთერთმა მოქალაქემ ინციდენტის ვიდეოც კი გადაიღო.
„PHR-მა საქმეში ჩართვისთანავე გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ითხოვა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება. თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა, შესაბამისად არ მომხდარა მტკიცებულებათა მოპოვება.
ვინაიდან საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ხელოვნურად დაყოვნება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ზიანს აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
PHR-ი აგრძელებს ბავშვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მივაწოდებთ დეტალურ ინფორმაცია პროცესების განვითარების შესახებ“.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com