თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2
აპრილს, საგანგებო განცხადება გაავრცელა. იგი 29 მარტს ბათუმში საიას
თანამშრომლებსა და პოლიციის მაღალჩინოსან ვალერიან თელიას შორის მომხდარი
ინციდენტის შესახებ შსს–ს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების
დასკვნას ეხმიანება.
„შსს-ს განცხადება, რომელიც დასკვნას ეყრდნობა, შესაშური თანმიმდევრობით ჩამოთვლის დარღვევებსა და გადაცდომებს, რომელსაც შემოწმების შედეგების თანახმად, საიას თანამშრომლის მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა, არაფერს ამბობს ვალერიან თელიას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტზე, რომელსაც ადასტურებს თავად შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. როინ ფარტენაძემ, მართალია, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები (ის იმყოფებოდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და არ დაიცვა მანევრირების წესები), თუმცა, მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ეს არ აძლევს სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს სამართალდამრღვევი მოქალაქეების ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებას",ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. საიას თქმით, გენინსპექციის დასკვნაში მოცემული ფაქტები და შეფასებები არის არა ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური აღწერა, არამედ ამ ინციდენტის ცალმხრივი ვერსია, რომელიც არათუ არ პასუხობს კითხვებს, არამედ აჩენს დამატებით ეჭვებს.
განცხადება
წყარო: gyla.ge