კახეთი. ყვარელში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვა მოეწყო, რომლის მიხედვითაც, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ.
პროექტი ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" - მხარდაჭერით მომზადდა.
შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ასევე იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
,,ჩვენ მოუთმენლად ველით კოდექსის ძალაში შესვლას და, ამავე დროს, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ მის იმპლემენტაციას", - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა.
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.