სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიიღოს იგი.
ორგანიზაციის შეფასებით, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს აღნიშნული ნაჩქარევი გადაწყვეტილება საგულისხმო პრობლემებს შეიცავს.
„ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია. ეს დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გააპროტესტა ახალარჩეული საკრებულოს 4 წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა ისინი სხდომათა დარბაზიდან საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა.
მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა, და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში