თბილისი. DataFest Tbilisi 2023– ის ფარგლებში რამდენიმე ჰაკათონი გაიმართება. იგი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალია მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ. ფესტივალი 2017 წლიდან დღემდე 80–მდე ქვეყნიდან 4 ათასამდე მონაწილეს, 200–ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს მასპინძლობდა. მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.
წლევანდელი ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია „ფორსეტი“, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: https://www.datafest.ge/.
ფესტივალი სამ ჰაკათონს მასპინძლობს:
. დემტექი; . გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი; . ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ;
სამ ჰაკათონში მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა სტიპენდია მიიღოს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციების სპეციალისტებს, მარკეტოლოგებს, არტისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების და მონაცემების ვიზუალიზაციის როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
შერჩეული კანდიდატები შეძლებენ, უფასოდ დაესწრონ DataFest Tbilisi 2023-ს და გაივლიან მენტორობის კურსს, რომელსაც წარუძღვებიან ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები. მონაწილეებს თავიანთი პროექტების წარდგენა ფესტივალის დახურვით საღამოზე, ჟიურის წინაშე მოუწევთ.
ჰაკათონში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, დემტეკის გამარჯვებული კი დამატებით, მონაწილეობას მიიღებს სტაჟირების პროგრამაში „the Democracy Tech Entrepreneur“ და გაემგზავრება კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 2024 წლის მაისშია დაგეგმილი.
რას წარმოადგენს ჰაკათონები
დემტექის შესახებ: ამ ჰაკათონში შერჩეულმა მონაწილეებმა უნდა შექმნან მონაცემთა ვიზუალიზაციის, ან ტექნოლოგიური პროექტები, შემდეგ საკითხებზე:
. საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა ინტერაქციული მედიაპლატფორმების დახმარებით;
. ამომრჩევლის ინფორმირება ციფრული რესურსების გამოყენებით;
. ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან და მისინფორმაციასთან ბრძოლა, სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით.
მონაწილეობის მისაღებად, 29 ოქტომბრამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია: https://bit.ly/3tK0AJF
ჰაკათონი გენდერულ საკითხებზე: ამ ჰაკათონში შერჩეულმა მონაწილეებმა უნდა შექმნან მონაცემთა ვიზუალიზაციის პროექტები, სხვადასხვა ფორმატით: ინფოგრაფიკა, ანიმაცია, ინტერაქციული ვიზუალიზაცია, თამაში და სხვა. მონაწილეები ვიზუალიზაციას UN Women-ის მიერ, ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით შექმნიან.
მონაწილეობის მისაღებად, 1 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია: https://bit.ly/3tCKtO8
ჰაკათონი სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ: ეს ჰაკათონი კი ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით მოეწყობა და შერჩეულმა მონაწილეებმა უნდა შექმნან მონაცემთა ვიზუალიზაციის, ან ტექნოლოგიური პროექტები, რომლებიც შეეხება ციფრულ სამყაროში ქალთა მიმართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას. (მაგ: ქვიზი, გიფი, ინფოგრაფიკა, ჩეტბოტი, მონიტორინგის და ანალიზის პლატფორმა და სხვა).
მონაწილეობის მისაღებად, 1 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია: https://bit.ly/46YBZzr
როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალის ორგანიზატორია „ფორსეტი“ – არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა. პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy. მხარდამჭერები არიან: making science sweeft, ოპტიო, ტერმინალი, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge და ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა.
წყარო: ფორსეტი