თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უპასუხა. 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების - დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. კორკოტაშვილის საქმეზე საიას განცხადების პასუხად 10 ოქტომბერს გავრცელდა შსს-ს ოფიციალური განცხადება, სადაც მიეთითა, რომ საიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება". ამავე განცხადებაში აღინიშნა, რომ „მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა".
„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, ადვილია რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება. ისიც გასაგებია, რომ ვერ შევქმნით ისეთ სისტემას, სადაც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე რაიმე სახის ძალადობის ალბათობა სრულიად გამოირიცხება. მთავარია, რა პასუხი გაეცემა ასეთ ფაქტებს, რამდენად ეფექტურად და ობიექტურად წარიმართება გამოძიება. გამოძიების სათანადოდ წარმართვა არის არასასურველი ფაქტების გამეორების პრევენციის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომლის გამოყენების ნებაც, როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სისტემის იმიჯს კი ისეთ დიდ ზიანს ვერაფერი მიაყენებს, როგორც მსგავსი ტიპის ფაქტებზე მსგავსი რეაგირების მოხდენაა", ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge