სამეგრელო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან 5 მარტს, ზუგდიდში, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის განცხადებით, უწყებას, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარით განისაზღვრა, აქვს სამი ძირითადი მიმართულება: გზების შეკეთება, ავტომაგისტრალების მშენებლობა, მუნიციპალური განვითარება და წყალმომარაგების სამუშაოები.
„ჩვენ გვჭირდება ბაზა ინფორმაციისთვის, რა პრობლემებია დღეს მუნიციპალიტეტებში. გამოგვიგზავნეთ დიდი პროექტებიც. რასაც შევძლებთ, დავაფინანსებთ. დანარჩენს კი დონორ ორგანიზაციებს გავაცნობთ", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, დასაფინანსებელი პროექტების განხილვა ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან უნდა განიხილონ.
2013 წელს რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.