საქართველოში 20 ათასზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და ამიერკავკასიაში ყველაზე ანგარიშგასაწევ სსო-ებად მიიჩნევიან. ამ შეფასებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ის, რომ ქართული საზოგადოებრივი ორგანზიაციები სახელმწიფო რეფორმირების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. მიუხედავად ამისა, მათაც აქვთ სტრუქტურული პრობლემლემები და აქედან ერთ-ერთი საერთაშორისო დაფინანსებაზე დამოკიდებულებაა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხრიდან დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში მომზადებული „საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციის“ მიხედვით, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო შემოსავლის 95 პროცენტს საერთაშორისო საგრანტო დახმარება წარმოადგენს.
„დაფინანსების სხვა ფორმები, მაგალითად, მოქალაქეთა ინდივიდუალური დახმარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ვერ იქცა. კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტი გასცემს შემოწირულებას საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და მხოლოდ 9 პროცენტი ყოფილა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოხალისეობითი ღონისძიების მონაწილე. კორპორაციული დაფინანსება, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განსაკუთრებული ინტერესის საგანია, კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსის მიხედვით, ბიზნესი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს პოლიტიზებულ სუბიექტებად აღიქვამს და ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბვის საბაბით მათთან თანამშრომლობას ერიდება. მეორე მხრივ, მეწარმეთაგან დაფინანსების მიღება არც ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციიისთვის არის მისაღები, მიიჩნევენ რა, რომ ბიზნესს საქველმოქმედო დაფინანსების გაცემისას მხოლოდ ვიწრო კორპორაციული ინტერესი ამოძრავებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სსო-ების კიდევ ერთი დამფინანსებელი სხელმწიფოა, რომელსაც მათზე საბიუჯეტო გრანტის გაცემა 2010 წლიდან შეუძლია, თუმცა, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მნიშვნელოვან მექანიზმად ვერ იქცა. სახელმწიფო გრანტების გაცემის ერთიანი, თუნდაც, მინიმალური სტანდარტების არარსებობა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი ის მიზეზებია, რომელიც ამ პროცესს აფერხებს, თუმცა, სსო-ების ნაწილს მიაჩნია, რომ დაფინანსების სახელმწიფოსგან მიღება საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობის შინაარს არ შეესაბამება.
ამის საპირწონედ შეიძლება მოვიყვანოთ ევროპული მაგალითები, რომელზეც „საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციაშიც“ არის საუბარი. კერძოდ,
კორპორატისტული მოდელის ფარგლებში, სახელმწიფო სხვადასხვა სქემის გამოყენებით, სავალდებულო წესით აფინანსებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას; ამ მოდელის ქვეყნებში (მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი) საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო შემოსავალში სახელმწიფო დაფინანსების წილი 55-75 პროცენტს შორის მერყეობს; შედეგად, კორპორატისტული მოწყობის ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები მეტად ინსტიტუციონალიზებული და, ამავდროულად, სახელმწიფო დაფინანსებაზე მეტად დამოკიდებული არიან.
ამისგან განსხვავებით, ლიბერალური მოდელის ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მართალია, უზრუნველყოფენ სოციალური მომსახურების სახელმწიფოს ფინანსებით მიწოდებას, მაგრამ ნაკლებ დამოკიდებული არიან სახელმწიფოს დაფინანსებაზე; მათი სახელმწიფოსთან ერთიერთობა, როგორც წესი, ხელშეკრულებით რეგულირდება და სახელმწიფო დაფინანსების წილი საერთო შემოსავლის 35-55 პროცენტს შეადგენს; ამ მოდელის ქვეყნებში (მაგალითად, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები), საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მრავალფეროვან დაფინანსებაზე მიუწვდებათ ხელი და, შესაბამისად, სოციალური მომსახურების გაწევასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების მიმართულებითაც მუშაობენ.
მესამე, სოციალ-დემოკრატიული მოდელის ფარგლებში, ძირითადი სოციალური მომსახურების გაწევას სახელმწიფო თითქმის სრულად უზრუნველყოფს; შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება შედარებით დაბალია და, როგორც წესი, 25-35 პროცენტს შორის მერყეობს; ამ მოდელის ქვეყნებში (მაგალითად, შვედეთი და ნორვეგია) საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმთავრესი ფუნქცია სახელმწიფო პოლიტიკის ამა თუ იმ სფეროზე მუშაობაა.
განვითარებადი მოდელის ქვეყნებში (მაგალითად, საბერძნეთი, პორტუგალია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა), სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთობას საბოლოო ფორმა მიღებული არ აქვს; ამ ქვეყნებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება მწირია და ისინი, როგორც წესი, საერთაშორისო ფონდების დახმარებაზე არიან დამოკიდებული.
ამ კლასიფიკაციით, სსო-ებისა და სახელმწიფოს ურთიერთობით, საქართველო ბოლო, განვითარებადი მოდელის ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, მაგრამ, არსებული მონაცემებით, დაფინანსების მიღების თვალსაზრისით, ჩვენი მაჩვენებლები ამ ჯგუფის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. არაოფიციალური, თუმცა, საყოველთაოდ გაზიარებული მოსაზრებით, სახელმწიფო დაფინანსება ქართული სსოე-ების საერთო შემოსავლების 5 პროცენტს არ აღემატება.
ალბათ, დროა, ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით წინ წაიწიოს.
მოამზადა მაკა ჯაიანმა