ნიკო ხობის სოფელ ხეთაში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვობიდან ყოველთვის ჰქონდა სურვილი რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება მიეღო, მაგრამ სოფლის გარემო ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. წლების შემდეგ, სწორედ, ეს გახდა ახალგაზრდული საგანმანათლებლო სივრცის ნიკოს ეზოს დაფუძნების საფუძველი, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.
„1997-2003 წლებში სკოლაში მხოლოდ ფორტეპიანოს წრე იყო, შესაბამისად, მეც და ჩემი ბიძაშვილებიც დავდიოდით ფორტეპიანოზე. როდესაც მეოთხე კლასში გადავედით და სხვა ინტერესები გაგვიჩნდა საჭირო იყო რაიონულ ცენტრში სიარული, ხობში დავიწყე ბიძაშვილებთან ერთად ჭადრაკზე და ქართულ ცეკვაზე სიარული. მახსოვს კვირაში 3 დღე სკოლის შემდეგ, როგორ ველოდებოდით ავტობუსს, რომ ხობში წავსულიყავით. სპეციალურად უფროსებთან ახლოს ვდგებოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსი არ გააჩერებდა. ვერც გაამტყუნებ მძღოლს, რადგან ჩვენ თითქმის არასდროს ვიხდიდით მგზავრობის საფასურს და მხოლოდ მადლობით შემოვიფარგლებოდით. იგივე პრობლემები იყო სახლში დაბრუნებისას, ზამთარში განსაკუთრებით, როცა ადრე ღამდებოდა.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ბევრი რამ გაუმჯობესდა, მაგრამ სოფლის ახალგაზრდობისთვის ინფორმაციის ნაკლებობის და თანამედროვე სიახლეებზე წვდომის პრობლემა კვლავ აქტუალურია.
2020 წელს გადავწყვიტე, სოფელში, წინაპრების სახლის პირველი სართული შეხვედრების ოთახად გადამეკეთებინა. ყოფილიყო სივრცე, სადაც სიახლეს გაიგებდნენ ახალგაზრდები. გარკვეული ხედვა მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესწილად ენთუზიაზმით და საკუთარი სახსრებით შევუდექი იდეის განხორციელებას. პირველი თანამოაზრეც გამომიჩნდა - ჩვენი გვარის უხუცესი, 87 წლის კარლო ბაძაღუა, რომელიც ხელოსანი კაცია, ასაკის მიუხედავად ენერგიით სავსეა და შევუდექით ოთახის კეთილმოწყობას, გავარემონტეთ, შევღებეთ, მოვაკოხტავეთ და დავიწყეთ. თავიდან მეგობრები ჩამოდიოდნენ თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, რომლებიც თავიანთ საქმეში პროფესიონალები იყვნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ ახალგაზრდებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მეწარმეობის საფუძვლები, ადამიანის უფლებები, ფოტოგრაფია და ა.შ. ამ ყველაფერმა იმდენად დიდი ენერგია მოგვცა, რომ გადავწყვიტე დონორი ორგანიზაციებისთვის მიმემართა.
2021 წლის გაზაფხულზე ფრიდირიხ ებერტის ფონდი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, იმფაქტ ჰაბ თბილისი დაინტერესდნენ ჩვენით. უკვე გაგვიჩნდა საშუალება დარგის ექსპერტები ჩამოგვეყვანა და კვალიფიციური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ახალგაზრდებისთვის მათთვის საინტერესო ფორმით, თამაშებით, გასვლებით, ფილმის ჩვენებებით და ა.შ. უამრავი ემოცია გავცვალეთ, ბევრი დაუვიწყარი მოგონება აკავშირებს ,,ნიკოს ეზოსა’’ და ახალგაზრებს, საფუძველი ჩავუყარეთ ახალ გამოცდილებებს. მჯერა, რომ ამ ყველაფერს გრძელვადიანი და დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ვაგრძელებთ მუშაობას და ვგეგმავთ, რომ 2022 წელი უფრო დატვირთული და ნაყოფიერი იყოს“, ამბობს ორგანიზაცია „ნიკოს ეზოს“ დამფუძნებელი ნიკო ბაძაღუა.