იმერეთი. 15 ივლისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე: „მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, რომელსაც 17 წევრი ესწრებოდა. დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე თამარ ფაჩულია. დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდები გაცნობოდნენ თუ როგორ ხდება სახელმწიფო სექტორში გადაწყვეტილების მიღებისა და რეფორმების მიმდინარეობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვა; ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან მოქალაქეთა თანამშრომლობა კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის; ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამონაწილეობა - ქალაქის განვითარება, საჯარო განათლება, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა.
დისკუსია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში