თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა.
TI Georgia-ს თქმით, საქართველოს მთავრობა ხშირად იყენებს საერთაშორისო რეიტინგების არასწორ ინტერპრეტაციას ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების დასამალად. პრემიერი ამჯერადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მონაცემებს იმოწმებდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ CPI-ის მიხედვით საქართველო 2012 წელს 51-ე ადგილას იყო, ხოლო 2021 წელს 45-ე ადგილასაა, თუმცა არ უხსენებია, რომ მთავარი განმსაზღვრელი ინდექსში მიღებული ქულაა.
„საქართველოს შემთხვევაში კი ქულა 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა - 2012 წელს ქვეყანას 100-დან 52 ქულა ჰქონდა, ხოლო 9 წლის შემდეგ, 2021 წელს 55 აქვს, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება.
მან თქვა, რომ საქართველო ასოცირების ტრიოში უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით უპირობო ლიდერია. CPI-ის შეფასებით საქართველოს მართლაც აქვს უკეთესი შედეგი, რაც დიდწილად წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონითაა განპირობებული. თუმცა, მექრთამეობის წინააღმდეგ წარმატებული რეფორმები 18 წლის წინ ჩატარდა და ვერ ჩაითვლება დღევანდელი ხელისუფლების მიღწევად. CPI-ის ქულები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი ამბიციის რეფორმები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ამასთან, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, CPI მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში იყენებს ტერმინ „სახელმწიფოს მიტაცებას“, რაც პრემიერ-მინისტრს ასევე არ უხსენებია“.
სრულად...
წყარო: TI Georgia-ს გვერდი სოციალურ ქსელში