თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ბათუმში მომხდარ ინციდენტს და შეშფოთებას გამოთქვამს „აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას ქმედების გამო, რომელიც საიას თანამშრომლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა". ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შს სამინისტრო და მისი ნებისმიერი თანამშრომელი მოქალაქეთას ღირსებისა და უფლებების უპირველესი დამცველი უნდა იყოს და სწორედ ამ მიზნების მისაღწევადაა შექმნილი აღნიშნული უწყება.
„პოლიციის მაღალჩინოსნის ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მის მაღალ პასუხისმგებლობასთან ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ მოქალაქეებისათვის, ამ შემთხვევაში კი, საიას თანამშრომლებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულს თან ახლდა ვალერიან თელიას მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმა და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარა, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა მის თანამდებობრივ ვალდებულებებთან", – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია მოითხოვს, გამოძიება ჩატარდეს დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტურად, ამასთან, ვალერიან თელიას მიმართ უნდა დადგეს შესაბამისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
სრულად
წყარო: gyla.ge