ჭაქვინჯის ციხე–სიმაგრე ზუგდიდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის II-III საუკუნეებშია აგებული და XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ჯერ კიდევ ელინისტურ ხანაში (323-33წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეს ადგილი აბრეშუმის გზას უკავშირდებოდა.
ძეგლი, ბოლო ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და რთულმა კლიმატურმა პირობებმა მძიმედ დააზიანა. საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის ხანაში, აქ კირის კარიერი გახსნეს, მიწის მასების გამოტანამ გამოიწვია კლდის რღვევის პროცესი, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ძეგლის საძირკველს.
სულ ახლახანს, ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა, ჭაქვინჯის ციხე, 2023 წლის, ევროპის განსაკუთრებული საფრხის ქვეშ მყოფ, 7 ძეგლს შორის დაასახელეს.
ევროპა ნოსტრა, ანუ „კულტურული მემკვიდრეობის ხმა ევროპაში“ – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ევროპული ქსელია. იგი 50–ზე მეტი ქვეყნის 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. მიზანი – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა, დაცვაა. მიზნის მისაღწევად ფართომასშტაბიან კამპანიებს მართავს, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების, შენობა–ნაგებობების გადასარჩენად.
ევროპა ნოსტრას ჯილდო – ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზია, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი შეფასება და აღიარებაა. იგი გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: კონსერვაცია–რესტავრაცია, კვლევა, განათლება, საზოგადოების მონაწილეობა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, „კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები“.
ევროპა ნოსტრას საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა – ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიაა. ძეგლების შერჩევა ხდება მისი კულტურული ფასეულობის და ასევე, არსებული საფრთხის მიხედვით.
„ევროპა ნოსტრას ნომინაციებში მოხვედრა არის აღიარება და ძეგლის მნიშვნელობის წარმოჩენა“, აცხადებს „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენელი საქართველოში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი. მისი ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან ჭაქვინჯის ციხე–სიმაგრის საჭიროებებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. ამავე დროს ძეგლი მიიღებს გადაუდებელი საჭიროებისთვის, სწრაფი რეაგირების 10 000 ევროს ოდენობით ევროპის საინვესტიციო ბანკის მემკვიდრეობის გრანტს.
სულ ახლახანს, ევროკავშირის კულტურის პროექტის მხარდაჭერით, შემუშავდა ზუგდიდის კულტურული განვითარების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ზუგდიდის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქის განვითარებას. ევროპა ნოსტრას ნომინაციებში მოხვედრა და ზუგდიდის სტრატეგია ჭაქვინჯის ციხე–სიმაგრის აღდგენისთვის საჭირო საერთაშორისო გრანტების მოზიდვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
სხვათა შორის, ევროპის ამ პრესტიჟული კონკურსის, სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებული, არაერთხელ ყოფილა ქართული კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური, თუ არამატერიალური ძეგლი, პროექტი.
ევროპა ნოსტრას ჯილდოების მფლობელი ორგანიზაციები და მათ მიერ განხორციელებული გამარჯვებული პროექტები საქართველოდან:
ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელები
2021 წელს ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო – ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის პროაქტიული კონსერვაციის და მონიტორინგის სისტემის პროექტმა (წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ, იტალიის გარემოს დაცვისა დაკვლევების უმაღლესმა ინსტიტუტმა (ISPRA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარმოს კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით).
2019 წელს ევროპა ნოსტრას და „სახალხო რჩეული“ ჯილდო მიიღო ციხე–სოფელის მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა (წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ).
2018 წელს სამეცნიერო კვლევით კატეგორიაში ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ (წარადგინა ხელოვნების სასახლემ).
2017 წელს ტრენინგებისა და საზოგადოების გათვითცნობიერების კატეგორიაში, ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო პროექტმა „ტრადიციული რეწვის ინიციატივა საქართველოში“ (წარადგინა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა).
2006 წელს ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო ტიმოთესუბინის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოების პროექტმა (წარადგინა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, იტალიის პარტნიორ ორგანიზაციასთან (Conservazione Beni Culturali) ერთად თანამშრომლობით).
ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური აღნიშვნა
2018 წელს ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში, ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა კომპანია „არტარეას“ პროექტი – „თბილისური ტურები და თბილისური ეზოები“.
2017 წელს კონსერვაცია–რესტავრაციის კატეგორიაში, ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა თბილისის განვითარების ფონდის პროექტი – აღმაშენებლის გამზირის ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2016 წელს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს ხელოვნების სასახლე.
2015 წელს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა
2023 წელს, ევროპა ნოსტრას „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტი გახდა ჭაქვინჯის ციხე–სიმაგრე (წარადგინა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით).
2021 წელს, ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 ძეგლის ნომინანტი გახდა ციხე–სიმაგრე ნარიყალა (წარადგინა თბილისის განვითარების ფონდმა).
2018 წელს, ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 ძეგლის ნომინანტი გახდა ჭიათურის საბაგირო გზების პროექტი (წარადგინა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ).
2018 წელს, ევროპა ნოსტრას „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტი გახდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი (წარადგინა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა).