თბილისი. საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 18 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლითაც ცენტრი ტელეკომპანია ტვ3–ის გადამღები ჯგუფის დაკავების შემთხვევას ეხმიანება.
„როგორც 2014 წლის 15 აპრილს გორის რაიონის სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა, ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ, ოპერატორმა ვახტანგ ლეკიაშვილმა და ტექნიკურმა თანამშრომელმა მიხეილ მიხოევმა, განთავისუფლების შემდეგ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რუსი მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი შემდგომ გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს საქართველოს, კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე იქნა დაკავებული ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფი, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე თუ რუსეთის ფედერაციის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 154-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. აღნიშნულის გარკვევა აუცილებელია, როგორც მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად, ისე მომავალში საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", ნათქვამია განცხადებაში..
სრულად
წყარო: gyla.ge