კახეთი. ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს ,,საარჩევნო განვითარების სკოლა-2015" იწყებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
აღნიშნული პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
„ახალგაზრდა იურისტთ"ა წარმომადგენლის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, პროექტში მონაწილეობის მსურველ 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი 13-დან 24 ივლისის ჩათვლით და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.
,,კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური აპლკიკაცია და განაცხადი 1-დან 8 ივლისის ჩათვლით შეიტანონ საოლქო-საარჩევნო კომისიებში. საზაფხულო-საარჩევნო სკოლები, რომელიც თელავსა და სიღნაღში იფუნქციონირებს, საარჩევნო საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად'',- განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.