თბილისი. 14 მარტს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია: „დისტანციური სწავლება საქართველოში".
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის გაცნობა-შეფასება და მის სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, საპარლამენტო შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი, ასევე დონორი, საერთაშორისო, ადგილობრივი არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს დავინახოთ რა კეთდება დისტანციური სწავლების მიმართულებით – რას მივაღწიეთ და მომავალში რა უნდა გავაკეთოთ", აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა, ვაჟა სალამაძემ. თეიმურაზ მურღულიამ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა განათლების სამინისტროს რამდენიმე ინიციატივაზე და ყურადღება გაამახვილა სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ დისტანციურ სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული დიასპორისთვის, განსაკუთრებით მათთვის ქართული ენის სწავლებისას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების ადაპტირება, რათა შშმ პირებმა შეძლონ განათლების მიღება, ჯერ კიდევ ყელა ვერ ახერხებს საჯარო სკოლებში სწავლას, შესაბამისად, დისტანციური მეთოდი ხელს შეუწყოს მათ განათლებას, აღნიშნა მინისტრის მოადგილე.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა. მისი აზრით, საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების გარდა სწავლების ასეთი მეთოდი მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს დისტანციური სწავლების სფეროში მომუშავეებმა. სიმონ ჯანაშიას ინფორმაციით, ბოლო 5 წლის მანძილზე ონლაინ კურსი მსოფლიოში 25-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა. მისი თქმით, სწავლების ეს მოდელი უნივერსიტეტებს აძლევს შესაძლებლობას ცნობილი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების ლექციები ჩართონ სასწავლო პროგრამაში. პრეზენტაციები წარადგინეს ასევე, პორტალ „ნებულას" აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ („ნებულა" განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის და მასზე 16 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული), გიორგი ჯიბლაძემ (Educare Georgia, რომელიც ხანის აკადემიის პარტნიორია საქართველოში და უამრავი ვიდეოლექცია აქვს ნათარგმნი), თავისი გამოცდილება გააცნეს დამსწრეებს ტექნიკური უნივერსიტეტის, თსუ–ს, ილიაუნის, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის წარმომადგენლებმა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლებმა კი ისაუბრეს ამავე ორგანიზაციის 8 სასწავლო პროგრამის შესახებ.