12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მას 145–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეუერთდა. მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს. მემორანდუმი პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის ახალ სტანდარტებს აწესებს. იგი 10 მუხლისაგან შედგება და მრავალ საკითხს მოიცავს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. „დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით და მე მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ, 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩამობრძანდით დღეს, ქუთაისში. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი განზრახვები და სურვილები გადაგვეტანა ქაღალდზე და ხელმოწერით დაგვედასტურებინა ის ფაქტი, რომ დღეიდან საქართველოს პარლამენტი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ხდებიან ერთმანეთის პარტნიორები. მე სიტყვა პარტნიორს ვუსვამ ხაზს. ჩვენ არ ვხდებით ამის შემდეგ მეგობრები, ჩვენ ვხდებით პარტნიორები"., განაცხადა პარლამეტის თავმჯდომარემ (იხ. გამოსვლის სრული ტექსტი...)
პროცესის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა ვაჟა სალამაძემ აღნიშნა, რომ „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში. დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. ბევრ თქვენთაგანს ახსოვს ჩვენი გასული წლის შეხვედრა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივას მემორანდუმის შექმნის შესახებ აქტიურად გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და პროცესი დაიწყო...პოლიტიკური ასპექტი: პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ფორმალური დოკუმენტით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განვითარების თანასწორუფლებიან პარტნიორებად აღიარებს და უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციონალურ ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში..." (იხ. გამოსვლის სრული ტექსტი...)
ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას. ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ პარლამენტარებისთვის წარედგინათ ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხები და მათი გადაჭრის გზებზე ემსჯელათ. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განსახილველად წარადგინეს საკითხები. მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, ეკომიგრანტთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხები, კულტურული მემკვიდერობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პრობლემები და საფრთხეები, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული და სხვა აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მადლობას უხდის ევროკავშირს (EU), აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტს (EWMI), ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" (OSGF), ფონდს Brot für die Welt, ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს. მიერეთება შესაძლებელია ელ–ფოსტის საშუალებით (eka@civilin.org), ან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში მისვლით და დოკუმენტზე ხელმოწერით (მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 2. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი).
იხილეთ მემორანდუმის ტექსტი