სამცხე–ჯავახეთი. გასული კვირას ბაკურიანში, სასოფლო–სამეურნეო მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა, სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს.
სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა და გრძელვადიან და მყარ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერა მეცხოველეობის კუთხით – ეს არის იმ პროგრამის მიზანი, რომელიც სამცხე–ჯავახეთში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული ,,მერსი ქორფსის" პროგრამა ,,ალიანსების" ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში სასოფლო სამეურნეო მრჩეველთა საბჭო 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. მისი წევრები რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. მრჩეველთა საბჭო საქმიანობის პერიოდში ყველა იმ პრობლემას სწავლობს, რომელიც სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის კუთხით დგას. მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კი პერიოდულად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მიეწოდება.