საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანი ვებპორტალი CsoGeorgia.org ასოციაცია „ანიკას“ აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ირინე ინასარიძეს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების საკითხებზე ესაუბრა.
ქ-ნ ირინე, მიგიღიათ თუ არა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება და რომელი საჯარო უწყებებისგან? რას ეხებოდა პროექტები? რა იყო აქტივობების მიზანი?
ასოციაცია „ანიკას“ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება ორი უწყებისგან აქვს მიღებული: კულტურის სამინისტროსა (მაშინ მხოლოდ კულტურის სამინისტრო იყო) და აწ უკვე ყოფილი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან.
კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, შევქმენით ახალი პიესა და დავდგით სპექტაკლი შშმ პირებისა და პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით მარჯანიშვილის დიდ საკონცერტო დარბაზში. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შშმ ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზია;
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, შევქმენით სამკერვალო სახელოსნო შშმ ახალგაზრდებისა და შშმ ბავშვების მშობლებისთვის. მიზანი იყო შშმ პირების დასაქმება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, პროფესიული უნარების ჩამოყალიბება.
სახელმწიფო საგრანტო პროექტის განხორციელებისას თუ გქონიათ რამე სახის გამოწვევა? როგორ მოგიგვარებიათ?
პროექტების განხორციელების პროცესში გამოწვევები არ გვქონია.
როგორ იგებთ სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციას? თქვენი შეფასებით, რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის?
როგორც ვიცი, ინფორმაციას აქვეყნებენ საკუთარ ვებგვერდებზე და ოფიციალურ სოციალურ ქსელებში. რამდენიმე წელია, სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა არ მიგვიღია სწორედაც რომ ინფორმაციაზე ნაკლები წვდომის გამო. კონკურსების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ არის ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის.
საპროექტო განაცხადების მომზადებისას თუ გქონიათ შეკითხვები (თუ კი, რა სახის?) გრანტის გამცემ სუბიექტებთან და თუ გისარგებლიათ მათი კონსულტაციით პროექტის განაცხადის ჩაბარებამდე?
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეს საკითხი კარგად ჰქონდა ორგანიზებული. მართავდა საკონსულტაციო შეხვედრების დღეებს და ინდივიდუალური კონსულტაციების შესაძლებლობაც გვქონდა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ უარის შემთხვევაში, არა მხოლოდ ქულათა სისტემით, არამედ სიტყვიერადაც უნდა იყოს ახსნილი - თუ რა მიზეზით ვერ გავიდა ესა თუ ის პროექტი/იდეა კონკურსში. ეს პრაქტიკა მათ საშუალებას აძლევთ, დაინახონ დამუშავებული საპროექტო წინადადების ხარვეზები, რაც მომავალში უკეთესი განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას ზრდის. თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ? გქონიათ შემთხვევა, როდესაც განაცხადი ვერ გავიდა კონკურსში და სიტყვიერი ახსნა-განმარტება მოითხოვეთ? თუ განუმარტავს პასუხისმგებელ უწყებას უარის მიზეზები? და ეს განმარტებები დაგხმარებიათ თუ არა შემდგომში განაცხადის უკეთ მომზადებაში?
ჩვენ უარის განმარტებები არ მიგვიღია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოსაზრებებს ვეთანხმები: - დასაბუთებული უარის მიღება სასარგებლო იქნება ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისთვის.
კვლევით დასტურდება, რომ საჯარო უწყებების მხრიდან საგრანტო პროგრამის შემუშავების ეტაპზე არ არსებობს დაინტერესებული პირების მონაწილეობის პრაქტიკა... თქვენი ხედვით, რას შეცვლიდა საგრანტო პროგრამის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა?
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ბევრად უკეთ ვიცით ჩვენი მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებები და პრიორიტეტები. შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა საგრანტო პროგრამის შემუშავებაში განაცხადს საჭიროებების მოგვარებაზე უფრო მეტად ორიენტირებულს გახდის.
საქართველოში მუნიციპალიტეტებს გრანტის გაცემის უფლება არ აქვთ. რა ბარიერებს უქმნის ეს წესი ადგილობრივ ორგანიზაციებს, მოსახლეობას და რა შესაძლებლობებს გააჩენს ამ წესის ცვლილება?
ასოციაცია „ანიკა“ ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებთან, აძლიერებს ადგილობრივ ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და შესთავაზონ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები. ხშირად არის, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, მაგრამ ვერ ნახულობს გზას ამგვარი თანამშრომლობისთვის და ამის გამო, საკუთარ მუნიციპალურ ა(ა)იპ-თან თანამშრომლობს, რაც ბევრად ნაკლებ ხარისხს ნიშნავს. ეს მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის მუნიციპალიტეტებში, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. ცვლილებები შეამსუბუქებს ბარიერებს და გაზრდის კონკურენციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, რაც აისახება პროექტის შესრულების ხარისხზე და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
მოამზადა თეკლე ქაროსანიძემ