კახეთი. დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრის ოფისში, ტრენინგი სახელწოდებით ,,მამაკაცური საუბრები'' მიმდინარეობს.
შეხვედრა, ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში, იმართება.
პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.
ნანუკა ავალიანი, პროექტის კოორდინატორი: ,, ტრენინგის მიზანია მამაკაცების ინფორმირება გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის მიმართ მათი სენსიტიურობის გაზრდა. „მამაკაცური საუბრები”, თავისი მნიშვნელობით, გამორჩეული ტრენინგია. ქალთა საინფორმაციო ცენტრი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ასაკის მამაკაცებთან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათი ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის მიზნით. „მამაკაცური საუბრები” ტარდება ცნობილი ტრენერის, მიშელ კაუფმანის რეგიონული ტრენინგ კურსის მიხედვით".
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით.