თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალების (მსჯავრდებულთათვის ნასამართლეობისა, დამატებითი სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლების) ინიციატივას გამოეხმაურა. „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი წლების განმავლობაში პირადად იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ინიციატორი და მხარდამჭერი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მსგავსი ინიციატივის გამოჩენა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის ფართო მასებზე, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს. ეს კი საქართველოს პრეზიდენტს მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება იყოს აღქმული. კოპენჰაგენის დოკუმენტი[1] ცალსახად ავალდებულებს სახელმწიფო უზრუნველყონ სახელისუფლებო და პარტიული საქმიანობის გამიჯვნა და არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საია ასევე მიიჩნევს, რომ „პრეზიდენტის (სახელმწიფოს) მიერ განხორციელებული ყველა ქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპების, მათ შორის, კანონის უზენაესობის, სრული დაცვით".
სრულად
წყარო: gyla.ge