თბილისი. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარების დანიშვნაზე სახელმწიფომ კვლავ უარი განუცხადა, - ინფორმაციას ამის თაობაზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ავრცელებს.
„2017 წლის 4 ნოემბერს, ხარაგაულში მცხოვრებმა ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, გარდაცვლილი ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიან "გამოკითხვაზე” იმყოფებოდა. ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, თვითმკვლელობის ფაქტი სწორედ პოლიციის მხრიდან ზეწოლას და დაშინებას უკავშირდება”, - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში, - „ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობა კვირიკაშვილების ოჯახისათვის საარსებო შემწეობის გადახედვის და საბოლოო ჯამში, შეწყვეტის საფუძველი გახდა. ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე კვირიკაშვილების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 44 950-ს შეადგენდა. ამის საფუძველზე ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 310 ლარის ოდენობით. დემოგრაფიული ცვლილების გამო (ოჯახის წევრის გარდაცვალება), ოჯახის შემოწმების შემდგომ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი და არსებითი ეკონომიკური გაუმჯობესების გარეშე, მათი სარეიტინგო ქულა 70 360 ქულით განისაზღვრა, რაც გახდა ოჯახის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი. ოჯახს შეუნარჩუნდა მხოლოდ 10 ლარიანი ყოველთვიური შემწეობა, არასრულწლოვანი წევრის სოციალური დაცვის მიზნით".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი