თბილისი. 29 ივნისს, ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პრესკონფერენცია გამართა, სადაც წინასარჩევნოდ ჩამოსულმა დელეგეციამ ვიზიტის შედეგები წარმოადგინა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს და ა.შ. ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესის შეფასება და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელმაც საარჩევნო პროცესზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულმა ფართო მასშტაბიანმა აქციებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, Must Carry-ს პრინციპების გატარება, თუმცა დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დიალოგის არარსებობის, ასევე სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების გამო წინასაარჩევნოდ ა.შ.
ანგარიშს თან ახლავს ასევე რეკომენდაციები. რომელიც მიმართულია პარლამენტისა და მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. NDI-ს სადამკვირვებლო ჯგუფი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, Must Carry-ის პრინციპების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობაც განიხილონ. დელეგაცია საქართველოს 2012 წლის 25 ივნისიდან 29 ივნისამდე სტუმრობდა.