თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და ექსპერტთა ნაწილი აქვეყნებს დეკლარაციას საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვისა და რეგულირების საკითხებზე. ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საშიში და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების საქართველოში ოფიციალური გზებით იმპორტირების ფაქტების გამო და ასევე საეჭვო წარმომავლობის, საშიში ქიმიური ნივთიერებებით (პესტიციდებით) საქართველოს ბაზრის გაჯერების გამო; დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ არ არსებობს სხვადასხვა ტიპის მასალებში გამოყენებული საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირებისა და მონიტორინგის საკანონმდებლო ნორმები, ინსტიტუციონალური და კადრების მომზადების სისტემები.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, კატეგორიულად აკრძალონ სხვადასხვა კონვენციის მიხედვით აკრძალულად მიჩნეული ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების იმპორტი, რეექსპორტი და დააწესონ მკაცრი რეგლამენტი პოტენციურად ამ საფრთხის შემცველი სხვა ნივთიერებების იმპორტირებასა და მოხმარებაზე" – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციას ხელს აწერს 9 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია „სემა", მწვანე გზა, გარემოს დაცვის ლიგა, ფონდი "კავკასიის ეკოლოგია", ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი, საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ინტელექტი - ქვეყნის სამსახურში. ხელმოწერის ბოლო ვადაა 20 ივლისი, რის შემდეგაც დეკლარაციის ტექსტი გადაეგზავნება შესაბამის სამსახურს.
დეკლარაცია
წყარო: CENN