თბილისი. ასოციაცია „ბავშვი და ოჯახი" ეხმაურება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" 12 დეკემბერს გასულ სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და დამოკიდებულება.
„გვინდა განმარტების სახით გაუწყოთ, რომ საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011 წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლები. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით.
სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას. შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები. უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.
სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში