თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ გამოაქვეყნა მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ტყემალაძის, წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მისამართით. წერილში ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარეს „რაიონის უკეთ წარმოსაჩენად" და „მილიონობით მაყურებლისთვის გასაცნობად" გადაცემისთვის „ლიხს იქით და ლიხს აქეთ" ფინანსურ დახმარებას, კერძოდ კი გადამღები ჯგუფის ტრანსპორტირებისა და დაბინავების ხარჯების გაწევას სთხოვს. გვსურს შევახსენოთ თამაზ ტყემალაძეს და მაუწყებლის მენეჯმენტს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 66-ე მუხლით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ტყემალაძემ აღნიშნული წერილით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივად, კანონის დარღვევისკენ მოუწოდა.
მოვუწოდებთ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თავი შეიკავოს მსგავსი სახის ქმედებებისგან და საკუთარი ძალისხმევა მაუწყებლის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად კანონიერ ხერხებს მიმართოს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში