გურია. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქალაქ ოზურგეთში მრავალსართულიანი კორპუსების ბინებში მცხოვრებ აბონენტთა გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირს" მრავალბიანიან სახლებში მცხოვრებლებმა აცნობეს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ინფორმაცია ასევე „საქართველოს გაერთიანებული წაყალმომარაგების კომპანიისგან" შეიტყო.
აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების კავშირი" განცხადებას ავრცელებს და ასევე იურიდიულ დახმარების მსურველებს კონსულტაციას პირდება.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილების 27-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, კანონმდებელი სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოებს უფლებას აძლევს 2015 წლის 1 იანვრამდე მოაწესრიგოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მქონე მომხმარებლების აღრიცხვიანობა და მოახდინოს მათი გამრიცხველიანება (ცალსახად და უპირობოდ), აგრეთვე უზრუნველყოს საყოფაცხოვრებო კატეგორიის სხვა მომხმარებლების გამრიცხველიანება, ოღონდ იმ პირობით, თუკი ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფილნი არიან უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგებით. შესაბამისად, წყალმომარაგების კომპანიას მრავალსართულიანი კორპუსების ბინებში მცხოვრებ აბონენტთა გამრიცხველიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ ეს აბონენტები უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ჰყავს უზრუნველყოფილნი; სხვა შემთხვევაში მას ამის უფლება არ გააჩნია.
როგორც წესი, საკითხს სიმწვავეს სძენს და საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ კანონმდებელი მიმწოდებელს უფლებას აძლევს, უშუალოდ მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობის საფასური, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში კი, არანაკლებ 24 თვეზე გადაუნაწილოს მას ეს საფასური და განწილვადებული თანხის დარიცხვა განახორციელოს აღრიცხვის კვანძის მოწყობიდან ექვსითვის შემდეგ. ანუ მიმწოდებელი, მომხმარებლების ხარჯზე, ძალიან კომფორტულ, პრაქტიკულად „სასათბურე" პირობებშია ჩაყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი" ურჩევს ქ. ოზურგეთში მრავალბინიან სახლებში მცხოვრებ მომხმარებლებს, გამოიყენონ თავიანთი უფლება და, თავიანთი ინტერესების და შესაბამისად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმონ გამრიცხველიანებაზე, თუკი კომპანიის მიერ ისინი უზრუნველყოფილნი არიან უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგებით", განმარტავს ორგანიზაცია.
პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსისქ. #25, ბ. 14, ტელეფონი: 27 45 47.