კახეთი. 20 აპრილს, თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები სამართლიანობისათვის" პროექტის ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში" – ფარგლებში შეხვედრა გამართა.
მათ განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა - რატომ არის გენდერული პოლიტიკა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქალთა მონაწილეობა, ქალების როლი საარჩევნო პროცესებში, ქალთა ელექტორალური ქცევის თავისებურებები და ქალთა უფლებები.
ორგანიზაციის ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში" თავმჯდომარის ნათია ქევხიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ქალებს გახდნენ აქტიურები როგორც ამომრჩევლები ან როგორც პოლიტიკური ფიგურები:
,,პროექტის მიზანია ვიპოვოთ ქალები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ინტერნეტის და სხვა კომუნიკაციის საშუალება. ქალებს ტრენინგების მეშვეობით ვასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, ვასწავლით მათ უფლებებს, ასევე როგორ აირჩიონ პოლიტიკური პარტია. ჩვენს მიერ გადამზადებული ქალები უკვე თავიანთ საცხოვრებელ თემებში, სოფლებში, გადასცემენ მიღებულ ცოდნას სხვა ქალებს. ვეძებთ ქალებს, რომელთაც აქვთ ინიციატივები სოფლის, თემის დონეზე და ვცდილობთ მათ დახმარებას".
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის" მეორე წელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალები აქტიურ პოლიტიკაში".