თბილისი. 15 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხები შეაფასა.
„ანგარიშში, სხვა საკითხებს შორის, მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან - შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი” - დაკავშირებული ორი შემთხვევა.
კერძოდ, აუდიტის დასკვნით, პირველ შემთხვევაში ამ კომპანიას უკონკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით 3 500 მ2 მიწა, რის შედეგადაც მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში იგივე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, რომელზეც გზა იქნა გაყვანილი, მუნიციპალიტეტმა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” სხვა ტერიტორიაზე გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. პროცესის რამდენიმე წლით გაჭიანურების გამო, კომპანიამ აღნიშნული მიწების ღირებულებებს შორის სხვაობის დასაფარად გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ეს ყველა პროცედურის დროულად დასრულების შემთხვევაში მოხდებოდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც შესაძლოა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან” გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგიც ყოფილიყო. ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge