იმერეთი. 17–18 ივლისს, ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), ადგილობრივ, რეგიონულ ჰაბთან თანამშრომლობით, ჩაატარა ტრენინგი: „სისტემური ცვლილება და მონაწილეობითი ფასილიტაცია“. მასში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვითმმართველობის, მედიის წარმომადგენლები, სათემო ლიდერები და აქტიური მოქალაქეები. მონაწილეები გაეცნენ სისტემური ცვლილებების არსს და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის საბაზისო პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს განვითარების აქტორებს, ეფექტურად განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები საკუთარ თემში.
ტრენინგი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.