მთავარი პრობლემა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფო გრანტების გაცემის თვალსაზრისით ხედავენ, არის შესაბამისი ერთიანი, თუნდაც, მინიმალური სტანდარტების არარსებობა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი. საჯარო ინსტიტუტებს სახელმწიფო გრანტების გაცემის უფლება 2010 წლიდან აქვთ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გრანტებს ისინი 2012 წლიდან გასცემენ, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, არ შემუშავებულა საერთო სტანდარტები, რომელიც ამ ტიპის გრანტის გაცემის ყველასთვის საერთო ჩარჩოს შექმნიდა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა“, ფარგლებში, დააფინანსა ოთხი კვლევა - 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში გაცემული სახელმწიფო გრატების მონიტორინგი. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებენ ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
სახელმწიფო გრატების მონიტორინგი განახორციელეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა: „მწვანე კავკასიამ“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა, საქართელოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ. ა(ა)იპ-ებზე ოთხი წლის განმავლობაში გაცემული გრანტების რაოდენობა ასე გამოიყურება:
გრანტის გამცემი ორგანიზაცია
საგრანტო ბიუჯეტი
2016
საგრანტო ბიუჯეტი
2017
საგრანტო ბიუჯეტი
2018
საგრანტო ბიუჯეტი
2019
იუსტიციის სამინისტრო
312,382
163,882
180,000
48,548
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
1,130,405
2,083,551
2,204,769
2,380,352.7
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
600,000
590,000
650,000
700,000
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
350,000
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA
14,000
8,600
39,283
33,157.9
საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი
150,000
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
2,082,506
2,399,014
2,381,571
2,352,305
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
9,152
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
276,090
281,999
185,444
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (მიზნობრივი სუბსიდია)
1,049,967
743,837
სულ
5,189,260
6,264,974
5,746,774
6,199,808
რაც შეეხება ძირითად მიგნებებს, რომელიც ამ კვლევებში აისახა: პროგრამების შემუშავების პროცესი არ ეფუძნება არსებული პრობლემების სიღრმისეულ შეფასებას და საჭიროებს ანალიზს; ამ პროცესში არ ჩანს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა; ინსტიტუციების ნაწილს დადგენილი არ აქვს გასაჩივრების უფლება და შესაბამისი პროცედურები; ზოგჯერ, მეტისმეტად არის გართულებული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები; ზოგადია ან საერთოდ არ არსებობს საქმიანობის ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასების პროცედურები; საკმაოდ დაბალია საზოგადოების ინფორმირების ხარისხი, პროგრამებისა და ცალკეული გრანტების შესახებ; არ ხდება პროგრამის განხორციელებისას მიღებული შედეგების ანალიზის გათვალისწინება შემდეგი წლის საგრანტო პროგრამების დაგეგმვისას; საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა საგრანტო განაცხადების შეფასების ეტაპზე; შეფასების სისტემები საჭიროებს დამატებით ნარატიულ განმარტებას, რათა შეფასების შედეგი უფრო გაზომვადი და განჭვრეტადი გახდეს; უმეტესად, საჯარო ინსტიტუტები თავად ახდენენ ფინანსური ანგარიშების კონტროლს და ამოწმებენ პროექტის თანხების მიზნობრივ ხარჯვას; საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ განხორციელებული ეფექტურობის შეფასების ფართომასშტაბიანი კვლევა.
სახელმწიფო გრანტების გაცემის უფლება დღეს საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ყველა სამინისტროს, ათზე მეტ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს. როგორც განხორციელებულმა მონიტორინგმა დაადასტურა, ამას ყველა სტრუქტურა ისე აკეთებს, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ. შედეგად, პროცესის შეფასება საზოგადოებისთვის რთული ხდება. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მთავარი იურისტი, ლევან ფანიაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების საკითხზე მუშაობს, ამასთან დაკავშირებით, შემდეგ განმარტებას აკეთებს:
„საქართველოში სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი დაფინანსების სისტემის ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტების არარსებობაა. საკანონმდებლო აქტებით არ არის დადგენილი საგრანტო დაფინანსების გაცემის ერთიანი მინიმალური სტანდარტები და გრანტის გაცემის წესები, შესაბამისი საჯარო ინსტიტუციისთვის დადგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმდენი სტანდარტი და წესი მოქმედებს, რამდენი გრანტის გამცემიც არის. გამჭვირვალობის ერთიანი სტანდარტების არარსებობა, ნაკლებად სანდოს ხდის პროცესს და დაფინანსების არაკეთილსინდისიერად გაცემის შესაძლებლობას ზრდის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანონით დადგინდეს საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის ძირითადი სტანდარტები, რომლებიც საკმარისად მკაფიო იქნება იმისთვის, რომ საგრანტო დაფინანსება სანდო და გამჭვირვალე პროცესად იქცეს“.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა (CSI) და პარტნიორი ორგანიზაციების ძალისხმევით, ხელისუფლებამ აღიარა, რომ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების პროცესს რეფორმა სჭირდება და ეს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაშიც ასახა, თუმცა, უფრო წინ არ წასულა. არადა, აუცილებლად აღიარებული რეფორმა, სხვა ცვლილებებთან ერთად, საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის მინიმალური სტანდარტების კანონით დადგენას გულისხმობდა.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით ჩამოყალიბებული სტანდარტებისა და წესების გარეშე, რომელიც საზოგადოებას მისცემს პირუთვნელ პასუხებს საგრანტო დაფინანსებისთვის დადგენილი საკითხების, გამარჯვებული ორგანიზაციების შესახებ და შექმნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმების გამართულ მექანიზმებს, პროცესი ნდობას ვერ მოიპოვებს, - ფიქრობენ სსო-ები.
გარდა იმისა, რომ მეტი გამჭვირვალობა ამ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, ეს მნიშვნელოვანი უნდა იყოს თავად ხელისუფლებისთვისაც. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოიძებნებიან ე.წ. გონგოები - ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებებთან არიან აფილირებულნი და მათ მიერ გაცემულ გრანტებსაც აქტიურად იყენებენ. მსგავსი უხერხული ტანდემები კი, ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მთელს პროცესს, შერჩეული თემებიდან დაწყებული - მიღებული შედეგებით დამთავრებული.
მაკა ჯაიანი