თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვნის გამოკითხვაში ის გამომძიებელი მონაწილეობდა, რომელიც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულია პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეში, რამაც მოზარდი სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. 2019 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპანია ,,იმედის“ დილის ეთერში არასრულწლოვნის საქმეზე განმარტებები გააკეთა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელიც 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს მონაწილეობდა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში. მისი განმარტებით, არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ასევე, ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში, - „საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს: გამოძიების მიმდინარეობისას საფუძვლიანად შეამოწმოს/გამოიკვლიოს მარიანა ჩოლოიანის მიერ საჯაროდ გაკეთებული განმარტებების შინაარსი და მათი ნამდვილობა მით უფრო იმ პირობებში, რომ ამ გამომძიებლის მიერ ე.წ. ყინწვისის საქმეში მიცემული ახსნა-განმარტება და შედგენილი დოკუმენტების ნამდვილობა არ დადასტურდა“.
სრულად...
წყარო: https://gyla.ge