კახეთი. 4–5 სექტემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით თელავში გაიმართა ქალთა ფორუმი ,,მე და ჩემი არჩევანი". ფორუმი პროექტის – ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში" – ფარგლებში ჩატარდა და მის მთავარ მიზანს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს საარჩევნო პროცესებში.
ფორუმზე 30 ქალი შეიკრიბა ბოლნისიდან, წალკიდან, დედოფლისწყაროდან, დმანისიდან და პანკისის ხეობიდან. ფორუმი გახსნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფორუმი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის წინ, რომელიც გაიმართება 12 სექტემბერს, თბილისში".
შეხვედრაზე დელეგატების წინაშე ასევე წარსდგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც ისაუბრა ცეესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ორდღიანი ფორუმის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე, შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის ლიდერებს წარედგინებთ თბილისში გამართულ ,,პოდიუმ – დისკუსიაზე".
პროექტი ხორციელდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად
წყარო: www.ginsc.net