სამცხე–ჯავახეთი. საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხი ბავშვები ,,Brave Kids"-ის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ზაფარ ცაცანიძე, თემურ ბექაძე, საბა კამალოვი, აბას მეხრიევი და აიდა ლაზიშვილი სამცხე ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან" არსებული ანსამბლ „ფესვების" წევრებიან არიან. ბავშვები ფესტივალზე სწორედ ასოციაცია „ტოლერანტმა" 20 ივნისს გააგზავნა.
ანსამბლი „ფესვების" წევრები უკვე სამი კვირაა ევროპის რამდენიმე ქალაქში კონცერტებს მართავენ. ფესტივალში კიდევ 14 ქვეყნის 100-მდე ბავშვი მონაწილეობს. ისინი ფესტივალზე თავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოადგენენ.
ფესტივალი „Brave Kids" უინესკოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით უკვე მესამე წელია ტარდება. ჩინელ, უგანდელ, პოლონელ, ქართველ, ებრაელ, რუმინელ, ტანზანიელ, ნორვეგიელ, ბულგარელ, ყირგიზ, ჩეხ, ზიმბაბველ და ბერძენ ბავშვებს ერთობლივი ვორქშოფებიც ჩაუტარდათ, სადაც ისინი ერთმანეთს თავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლიდნენ.
„ცოტა ვღელავ, იუნესკოში ამდენი მაყურებლის წინაშე გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და მაყურებელს აქაც მოვაწონებთ თავს", - ამბობს ფესტივალის ქართველი მონაწილე თემურ ბექაძე.ფესტივალის დასკვნითი საღამო დღეს, 10 ივლისს პარიზში, იუნესკოს შენობაში გაიმართება. ამ წუთისთვის დარბაზში საფინალო კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს.